The სიძე – “ბომონდი”

The სიძე – ”ბომონდის” სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით I do (+ Backstage)

იმ დღეს მთელი თბილისი თუ არა, მთელი აღმაშენებელ-პლეხანოვის გამზირი ლაპარაკობდა ”მონადირე პატარძლებზე”.

”ბომონდის” ერთგული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ”ბომონდის” ფურცლები არაერთგზის ეთმობა სხვადასხვა სახის არტ-ექსპერიმენტს. 

The სიძე ლევან ჯიბღაშვილია.

ლევან ჯიბღაშვილი (The სიძე) და რუსკა მაყაშვილი (მთავარი საპატარძლო)
სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მთავარი გმირი, საძაგელი, მოღალატე, აფერისტი ზუკა პროექტზე მუშაობისას ძალიან თბილი, დადებითი და უზომოდ პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა საპატარძლოების ამგვარი ”ოვერდოზის” შემდეგ, დღის ბოლოს, ნახევრად ხუმრობით გამოაცხადა: ”თქვენ ისე იზამთ, მგონი ცოლს მართლა კარგა ხანს აღარ მოვიყვან”.🙂

პატარძალი ნომერი №1

რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილმა პოსტსაფოტოსესიო პერიოდში მისთვის შეკერილ საქორწინო კაბაზე დაკერებული ვარდები დიდი, სასაცილო ბაფთით შეცვალა. კაბა მაქსიმალურად დაამოკლა, რათა გარუჯულ ფეხებზე ამოცმული ”სნიკერსები” ორიგინალურად გამოჩენილიყო ფოტოზე.

რუსკა მაყაშვილი ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი საიმისოდ, რომ დაეწიოს და გაუსწროს პროექტის სასურველ სასიძოს, სწორედ მას აქვს, რადგან ყველაზე ”სპორტული პატარძალია” ყველა პატარძლებს შორის.

რუსკა აცხადებს, რომ ვერ იტანს ტრადიციულ ”ჟენიჭირიმე-ჟენჟემოგევლე” ყანწებისტრიალ-კორიანტელიან ქორწილებს.

”ჩემი ქორწილი აუცილებლად ვიწრო წრეში და ისეთ გარემოში იქნება, სადაც მე ვიგრძნობ თავს კომფორტულად და რაც მთავარია, ძალიან მაგრად გავერთობი” – ამბობს რუსკა.

პატარძალი №2

სკეიტზე დგომის პანიკურად ეშინია და გადაღების ხათრით თანხმდება. საპატარძლო კაბა ტყავის პიჯაკით, ჯაჭვები, ფეხზე ამოცმული ბათინკები… ეს ყველაფერი ქეთი ორჯონიკიძის მიერ განსახიერებული პატარძლის იმიჯია. 

ქეთი ორჯონიკიძე


ამგვარი კაბის ექსკლუზივი, მთელი თავისი საავტორო უფლებით, სწორედ ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის. ყველაფერში ორიგინალურობის მოყვარულია. ამიტომ მისეული წარმოდგენა ქორწილსა და საქორწინო ცერემონიალის დეტალებზეც ექსტრავაგანტურობით გამოირჩევა. ”ჩემი საოცნებო კაბა აუცილებლად პულტით უნდა იმართებოდეს, სიტუაციის შესაბამისად მისი სიგრძე და პარამეტრები სურვილისამებრ რომ ვაკონტროლო. წკაპ, წკაპ, ავწევ; წკაპ, წკაპ, ჩამოვწევ…”

პატარძალი №3

მაკა შალიკაშვილი და რუსკა მაყაშვილი

მაკა შალიკაშვილი პროექტის ყველაზე პრეტენზიული და ”პატარძლური” პატარძალია. სტატისტიკის მიხედვით, ნებისმიერი ქალი, რომელიც პოსტსაპატარძლო მზადებას გადის, ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო პრეტენზიული, მომთხოვნი და ემოციური ხდება ამ პერიოდში.

ხანმოკლე ვადით პრეტენზიულობა ყველა ქალს ეპატიება. მაკამაც, ამ მხრივ, ჭეშმარიტი პატარძლის როლი მოირგო. არავითარი ხაბარდა, კორსეტი და მსგავსი ”ზედმეტობები”. პრონოვიას ულამაზეს, ბერძნულ სტილში შეკერილ სადა კაბას იცვამს, გადაღების პროცესში მოძრაობაში ხელი რომ არ შეუშალოს.

გათვლა სწორია, რადგან სატელევიზიო სიუჟეტი, რომლითაც ”რუსთავი 2”  ფოტოპროექტს აშუქებს, სწორედ მაკას კადრით იწყება. აივანზე გადმოკიდებული პატარძალი ხარაჩოებზე ამძვრალ სასიძოს, რომელიც უკან დადევნებული თეთრკაბოსნების გუნდს გაურბის, მონდომებით ებღაუჭება.

ფოტოსესიის დაგეგმვის პროცესში გაჩნდა იდეა, ღამის სცენები აღმაშენებლის გამზირზე გადაღებულიყო, თუმცა ხანგრძლივი კონსილიუმებისა და სჯა-ბაასის შემდეგ  ხელი აიღეს ამ იდეაზე. ჩათვალეს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს მათი ”არტ-კაპრიზის” გამო არავინ გადაგვაკეტვინებდა.

თუმცა მოხდა საოცრება და დღის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში სწორედ აღმაშენებლის გამზირზე გამართულმა ”ხარაჩოების სცენამ” გამვლელების ისეთი დაინტერესება გამოიწვია, რომ გამზირი, ”მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”, მაინც გადაიკეტა რამდენიმე წუთით. ”პატარძლების მსვლელობას” ქუჩაში ჯერ მოძრაობის შეჩერება, მერე კი მცირეხნიანი პარალიზებაც მოჰყვა.

ლევან ჯიბღაშვილი და საპატარძლოები :) "არ მინდა ცოლი" - ლევანი

 მძღოლების გაღიზიანებული ტონი და მანქანების ხმამაღალი საყვირის ხმა სიტუაციაში უკეთ გარკვევის შემდეგ ხალისიანმა სიცილმა და მობილურით უნიკალური კადრების დაფიქსირების მცდელობამ შეცვალა. ყველას მოეწონა ხარაჩოზე გამწკრივებული პატარძლები და საბრალო სიძე, რომელიც მონდომებით ცდილობს მათგან თავის დაღწევას. ”არ მინდა ცოლი!” – მთელი გამზირის გასაგონად ყვირის როლში შესული ლევან ჯიბღაშვილი.

შებინდებისას კი გადასაღები მოედანი ”მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებს. სიუჟეტს პატარა გმირებიც უერთდებიან. ისინი რუსკა მაყაშვილის – ანუ ”გმირი-დედა-პატარძლის” პოტენციურ შვილებს ასახიერებს.

ყველაფერი ღამის პირველი საათისკენ დასრულდა. დაქანცული მონაწილეები, სკეიტზე სრიალისას თუ ხარაჩოებზე ცოცვისას დასვრილი კაბები, არანაკლებ დაღლილ-დაქანცული სასიძო… ხუმრობა საქმეა, ამდენი პატარძლის შემოტევას გაუძლოს კაცმა? ლევანს დამსახურებულად ეკუთვნის ”ბომონდის გმირი სასიძოს” სახელი და ჯილდო.

:)

ჟურნალი “ბომონდი” – სექტემბრის ნომერი 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s